პავლეს ეპისტოლენი

მეორე თესალონიკელთა მიმართ

თავი პირველი

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:

2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.

4. ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ,

5. იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც.

6. რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ,

7. ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით,

8. რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,

9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,

10. იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

11. ამიტომაც მარადჟამ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ჩვენმა ღმერთმა ხმობის ღირსნი გყოთ და თავისი ძალმოსილებით აღასრულოს მთელი სათნოება, სიკეთისა და რწმენის საქმე;

12. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.