იოანეს სახარება

თავი მეთერთმეტე

1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი.

2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.

3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.

4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.

5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.

6. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო.

7. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.

8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?

9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს.

10. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.

11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.

12. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება.

13. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.

14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.

15. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.

16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.

17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.

18. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.

19. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი.

20. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა. 

21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.

23. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.

24. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.

25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

28. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.

29. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია.

30. რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.

31. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.

32. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:

34. სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.

35. მაშინ აცრემლდა იესო.

36. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.

37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?

38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.

39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.

40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.

41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.

43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!

44. და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.

45. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.

46. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.

47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.

48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.

49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ

50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.

51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.

52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები.

53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.

54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.

55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.

56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე?

57. ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.