ლუკას სახარება

თავი მეექვსე

1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.

2. ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?

3. ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?

4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?

5. და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

6. ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.

7. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის.

8. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა.

9. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა?

10. გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.

11. ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო.

12. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.

13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:

14. სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,

15. მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,

16. იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;

18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.

19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.

20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;

21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;

22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.

23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.

25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;

26. ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.

27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;

28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.

29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.

30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.

33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.

34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;

38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.

39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?

40. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი.

41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?

42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.

44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.

45. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.

46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?

47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:

48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.