ძველი აღთქმა

პირველი ეზრა

თავი მეათე

1. როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.

2. მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს:

3. აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.

4. ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთანა ვართ. გამხნევდი და იმოქმედე.

5. ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს.

6. ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.

7. გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი.

8. ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, ჩამოერთმეოდა მთელი ქონება თავკაცებისა და უხუცესების გადაწყვეტილებით, თავად კი გადანასახლებთა კრებულიდან მოიკვეთებოდა.

9. სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან.

10. ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.

11. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.

12. ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.

13. ოღონდ ბევრია ხალხი და ავდარია, შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში.

14. დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენს ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავთავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, რომ აგვცილდეს ჩვენი ღმერთის რისხვა ამ ამბის გამო.

15. განსაკუთრებით იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე იდგნენ ამ აზრზე, ხოლო მეშულამი და ლევიანი შაბთაი მხარს უჭერდნენ მათ.

16. ასე მოიქცა გადანასახლები ხალხი. დაიყვნენ ეზრა მღვდელი და კაცები, მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავიანთი მამისსახლთა მიხედვით - ყველანი სახელდებით იყვნენ ცნობილნი. დასხდნენ მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გასარკვევად.

17. პირველი თვის პირველი დღისთვის მორჩნენ ყველა იმ მამაკაცთა საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.

18. სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია.

19. ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.

20. იმერიანთაგან: ხანანი და ზებადია.

21. ხარიმიანთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი და ყუზია.

22. ფაშხურიანთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნათანიელი, იოზაბადი და ელყასა.

23. ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი და კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და ელიაზარი.

24. მგალობელთაგან: ელიაშიბი; კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.

25. ისრაელიდან - ფარყოშიანთაგან: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყიაზარი, მალქია და ბენაია.

26. ყელამიანთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ზაბადი და ყაზიზა.

27. ზათუნიანთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბაადი და ყაზიზა.

28. ბებაიანთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი.

29. ბანიანთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და რამოთი.

30. ფახათ-მოაბიანთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალივლი, ბინუ და მენაშე.

31. ხარიმიანთაგან: ელიყეზერი, იშია, მალაქია, შემაყია, სიმონი.

32. ბენიამინი, მალუქი და შემარია.

33. ხაშუმიანთაგან: მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმყი.

34. ბანიანთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,

35. ბენაია, ბედია, ქელუჰუ,

36. ნეია, მერემოთი, ელიაშაბი,

37. მათანია, მათნაი, იაყასაი,

38. ბანი, ბინუი, შიმყი,

39. შელემია, ნათანი, ყადაია,

40. მაქენადებაი, შაშაი, შარაი,

41. ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,

42. შალუმი, ამარია, იოსები.

43. ნებოიანთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.

44. ამათ ყველას უცხოელი ცოლები ესვათ და ზოგიერთ მათგანს შვილებიც ჰყავდა შეძენილი.