ძველი აღთქმა

პირველი ეზრა

თავი მეექვსე

1. მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.

2. იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.

3. კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა.

4. სამი რიგი დიდრონი ქვებისგან იყოს და ერთი რიგი - ძელებისგან; ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს.

5. ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს.

6. ასე რომ, თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, აფარსექელნი, მდინარისგაღმელნი, უნდა დაეხსნან მათ.

7. დაანებონ ამ ღვთის სახლის შენება; ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდას უხუცესებმა ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე.

8. ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ასაშენებლად: სამეფო ხაზინიდან და მდინარისგაღმა მხარის შემოსავლიდან სასწრაფოდ მიეცეს სახარჯოდ იმ ხალხს, რათა არ შეწყდეს მშენებლობა.

9. რაც საჭიროა, ხბორები იქნება, ვერძი თუ ბატკანი, ცათა ღვთისთვის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო, ზეთი, როგორც იერუსალიმელი მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუწყვეტლივ,

10. რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.

11. ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე გადავა ამ სიტყვას, მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე აიყვანონ და მიალურსმონ, სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო.

12. ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს, რომ შეცვალოს ეს, რომ ზიანი მიაყენოს ამ ღვთის სახლს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!

13. მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება.

14. იუდას უხუცესები აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის, ნებით.

15. დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.

16. სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.

17. მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.

18. დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.

19. გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.

20. განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.

21. ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.

22. ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას.