ძველი აღთქმა

პირველი მაკაბელთა

თავი მეთოთხმეტე

1. ასსამოცდამეთორმეტე წელს მეფე დემეტრიოსმა შეკრიბა თავისი ჯარები და გაემართა მიდიისკენ, რომ მიეღო დახმარება ტრიფონთან საომრად.

2. შეიტყო სპარსეთისა და მიდიის მეფემ, არსაკემ, რომ შემოვიდა დემეტრიოსი მის მიწა-წყალზე და გაგზავნა ერთი თავის წინამძღოლთაგანი, რომ ცოცხლად შეეპყრათ იგი.

3. გაემართა და დაამარცხა დემეტრიოსის ლაშქარი. დაატყვევა იგი და მიჰგვარა არსაკეს და ჩასვეს საპყრობილეში.

4. დამშვიდდა იუდას ქვეყანა სიმონის სიცოცხლეში. სიკეთეს ცდილობდა თავისი ხალხისთვის და სათნო უჩნდათ მათ მისი ხელმწიფება და დიდება მთელი მისი სიცოცხლე.

5. მთელ თავის დიდებასთან ერთად იაფოც აიღო ნავსადგურად და ზღვის კუნძულებს მისასვლელი შეუქმნა.

6. გააფართოვა თავისი ერის საზღვრები და განაგებდა ქვეყანას.

7. შეკრიბა მრავალი ტყვე და ბატონობდა გაზარაზე, ბეთ-ცურზე და ციხეზე. გააძევა იქიდან უწმიდურობა და აღარავინ იყო მისი წინააღმდგომი.

8. მშვიდობით ამუშავებდნენ თავიანთ მიწას, მიწა იძლეოდა მოსავალს, ხეები კი ბარში - ნაყოფს.

9. მოხუცებულნი ქუჩებში ისხდნენ და ყველანი სიკეთეზე საუბრობდნენ. ჭაბუკები დიდებული და საომარი სამოსელით იმოსებოდნენ.

10. ქალაქებს სარჩოთი ამარაგებდა და სიმაგრეებად აქცია ისინი, და ქვეყნის კიდემდე განითქვა მისი სახელის დიდება.

11. ქვეყნად მშვიდობა დაასადგურა და დიდი სიხარულით გაიხარა ისრაელმა.

15. ყოველი კაცი თავისი ბაბილოს თუ ლეღვის ქვეშ იჯდა და არავინ იყო მათი შემაშინებელი.

13. არავინ დარჩა ქვეყნად მათი მბრძოლი და მეფენიც მოდრეკილიყვნენ იმ ხანებში.

14. გააძლიერა თავისი ხალხის ყველა გლახაკი, რჯულს ეძიებდა და ყველა ურჯულო და უკეთური გადააშენა.

15. დიდებული გახადა სამსხვერპლო და შეჰმატა საწმიდარს სამკაულები.

16. გავრცელდა ხმა რომში და სპარტამდეც, რომ მოკვდა იონათანი, და ძლიერ დამწუხრდნენ.

17. ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ სიმონი, მისი ძმა გამხდარა მის ნაცვლად მღვდელმთავარი, და თავად მართავდა ქვეყანასა და მის ქალაქებს,

18. მისწერეს მას სპილენძის დაფებზე, რომ განეახლებინათ მათთან მეგობრობა და მოკავშირეობა, რომელიც დაამყარეს იუდასთან და იონათანთან, მის ძმებთან.

19. და წაკითხულ იქნა ისინი იერუსალიმის კრებულის წინაშე.

20. აი, ასლი წერილებისა, რომლებიც გაუგზავნეს სპარტელებმა: სპარტის მთავარნი და ქალაქი სიმონს - მღვდელმთავარს, უხუცესებს, მღვდლებსა და მთელს იუდაელთა ხალხს, ძმებს, მოგიკითხავთ.

21. ჩვენს ხალხთან გამოგზავნილმა ელჩებმა გვამცნეს თქვენი დიდებისა და პატივის შესახებ და გავიხარეთ მოტანილი ამბით.

22. მათი ნათქვამები სახალხო საბჭოში ამგვარად ჩავწერეთ: ნუმენიოსი, ძე ანტიოქოსისა, და ანტიპატროსი, ძე იასონისა - იუდაელთა ელჩები მოვიდნენ ჩვენთან მეგობრობის განსაახლებლად.

23. ხალხს სწადდა ამ კაცების პატივით მიღება და მათი სიტყვების ასლის დადება ხალხის გადაშლილ წიგნთა შორის, რომ სახსოვრად ჰქონოდა სპარტელ ხალხს. ეს ასლი კი გაუგზავნეს სიმონ მღვდელმთავარს.

24. ამის შემდეგ გაისტუმრა სიმონმა ნუმენიოსი რომისკენ (თან ჰქონდა დიდი ოქროს ფარი, წონით ათასი მინა), მათთან მოკავშირეობის დასამტკიცებლად.

25. როცა მოიხმინა ხალხმა ეს სიტყვები, თქვეს: როგორ გადავუხადოთ მადლობა სიმონსა და მის ვაჟებს?

26. რადგან გაძლიერდა ის, მისი ძმებიც, და მამამისის სახლი. შეებრძოლენ ისრაელის მტრებს და მიანიჭეს მას თავისუფლება. დაწერეს სპილენძის ფიცრებზე და ჩამოკიდეს სვეტებზე სიონის მთაზე.

27. აი, ამ წერილის ასლი: ელულის თვრამეტში, ასსამოცდამეთორმეტე წელს ანუ სიმონ დიდი მღვდელმთავრის მესამე წელს, ასარამელში,

28. მღვდლების, ხალხის, ერისმთავართა და ქვეყნის უხუცესთა დიდ საკრებულოში ჩვენ გვემცნო:

29. როცა მრავალგზის დაატყდა ომი ქვეყანას მაშინ სიმონმა, მატათია მღვდლის ვაჟმა, იოარიბიანთაგან, და მისმა ძმებმა თავი საფრთხეში ჩაიგდეს და თავიანთი ხალხის მტრებს წინაღუდგნენ თავიანთი საწმიდარისა და რჯულის შესანარჩუნებლად და დიდი დიდებით ასახელეს თავისი ერი.

30. შეკრიბა იონათანმა თავისი ხალხი, გახდა მათი მღვდელმთავარი და თავისი ერისთვის დადო თავი.

31. მოიწადინეს მათმა მტრებმა მათ ქვეყანაში შეჭრა და ხელი აღმართეს მათ სამსხვერპლოზე.

32. მაშინ აღუდგა მათ სიმონი და შეებრძოლა თავისი ხალხის გულისთვის. დახარჯა უამრავი საკუთარი ფული და იარაღით აღჭურვა თავისი ერის ჯარისკაცები, და მისცა მათ ჯამაგირი.

33. გაამაგრა იუდას ქალაქები და ბეთ-ცური, რომელიც იუდას საზღვარზეა, სადაც წინათ მტრების საჭურველი იყო, და დააყენა იქ იუდაელი კაცების ყარაული.

34. იაფო გაამაგრა ზღვის პირას, გაზარა კი - აშდოდის საზღვარზე, სადაც ადრე მტრები სახლობდნენ, და მოამარაგა ყველაფრით, რაც მათი აღორძინებისთვის იყო აუცილებელი.

35. დაინახა ხალხმა სიმონის ერთგულება და ცდა მისი ერისთვის დიდების მოსაპოვებლად. აირჩიეს იგი თავიანთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად ყოველივე იმისთვის, რაც გააკეთა, სამართლიანობისა და ერთგულების გამო თავისი ხალხისადმი, თავისი ერის ამაღლების ყოველმხრივ მცდელობისთვის.

36. მის დროს კეთილად წარიმართა მის ხელში წარმართთა განდევნა ქვეყნიდან, და იმათი, დავითის ქალაქში, იერუსალიმში, რომ იყვნენ ჩასახლებულნი, რომ ააშენეს თავისთვის ციხე, გამოდიოდნენ და ბილწავდნენ არემარეს სამსხვერპლოს გარშემო და დიდ ზიანს აყენებდნენ საწმიდარს.

37. ჩაასახლა იქ იუდაელი კაცები, გაამაგრა ის ქვეყნის და ქალაქის უსაფრთხოებისთვის და აამაღლა იერუსალიმის კედლები.

38. მეფე დემეტრიოსმა ამის გამო მღვდელმთავრის ხარისხში აღაზევა იგი,

39. თავის მეგობრად გაიხადა და დიდი დიდებით განადიდა,

40. რადგან გაიგო, რომ იუდაელნი რომაელების მიერ მეგობრებად, მოკავშირეებად და ძმებად იწოდებიან, და სიმონის ელჩებს პატივით დახვდნენ;

41. და რომ იუდაელებს და მღვდლებს სურთ, სიმონი ჰყავდეთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად სამუდამოდ, ვიდრე სარწმუნო წინასწარმეტყველი აღდგებოდეს;

42. ჰყავდეთ ერისმთავრად და იზრუნოს საწმიდარზე და განაწესოს ხალხი, ყეელა თავის საქმეზე - ქვეყანაზე, იარაღებზე და ციხე-სიმაგრეებზე;

43. რომ იზრუნოს საწმიდარზე, რომ მას უსმენდნენ მრავალნი და ქვეყანაში ყველა საბუთი მის სახელზე იწერებოდეს, რომ შეიმოსოს ძოწეულითა და ოქროს სამკაულებით;

44. არ მიეცეს ნება ერისაგანს ან სამღვდელოს, გააუქმოს რომელიმე ამათგანი, შეეპასუხოს მის ბრძანებებს, მის გარეშე მოიწვიოს ყრილობა ქვეყანაში, ჩაიცვას ძოწეული და ატაროს ოქროს ბალთა.

45. თუკი ვინმე ამათ საწინააღმდეგოს ჩაიდენს, ანდა შეცვლის რაიმეს ამათგან, დამნაშავე იქნება.

46. დათანხმდა მთელი ერი, დამორჩილებოდა სიმონს და ემოქმედა ამ სიტყვების თანახმად.

47. მიიღო სიმონმა და დათანხმდა, გაეწია იუდაელთა და სამღვდელოთა მღვდელმთავრთბა, სარდლობა და ერისმთავრობა - ყოველთა წინამძღვრობა.

48. თქვეს, დაეწერათ ეს ყველაფერი სპილენძის დაფებზე და დაედგათ ისინი საწმიდრის გალავანში, საჩინო ადგილას,

49. ხოლო მისი ასლები საგანძურში დაეწყოთ, რომ ჰქონოდათ ისინი სიმონსა და მის ვაჟებს.