ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამესამე

1. შეატყობინეს დავითს: აჰა, ფილისტიმელები დასხმიან თავს კეყილს და კალოებს აჩანაგებენ.

2. დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.

3. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: ჩვენ აქ, იუდაშიც შიშით აღარა ვართ და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?

4. კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

5. წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.

6. როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო.

7. აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.

8. საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.

9. შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!

10. თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი.

11. თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.

12. თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ.

13. აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.

14. ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და მთაში, ზიფის უდაბნოში. მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო იგი.

15. დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში.

16. ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.

17. უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.

18. შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა.

19. მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.

20. ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.

21. თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!

22. წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.

23. ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, მხოლოდ ამის მერე წამოგყვებით. თუ ჩვენს ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა სამთავროში დავუწყებ ძებნას.

24. ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.

25. წავიდა საული საძებრად თავისი კაცებითურთ. შეატყობინეს დავითს და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში.

26. მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი.

27. ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.

28. მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელა ჰამახალკოთ (კლდე გაყრათა).