ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეოთხე

1. აიყარა დავითი იქიდან და ენგადის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა.

2. როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ენგადის უდაბნოშიაო დავითი.

3. აიყვანა საულმა მთელი ისრაელისგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში.

4. მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ.

5. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.

6. ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.

7. უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი

8. გაკიცხა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე.

9. ადგა ამის შემდეგ დავითი და გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიაძახა საულს: მეფევ ბატონო! როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა მას.

10. უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?

11. ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.

12. შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.

13. უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.

14. როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.

15. ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე!

16. უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.

17. როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.

18. უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.

19. დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.

20. ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.

21. ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.

22. ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემს შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.

23. შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები თავშესაფარში ავიდნენ.