ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი მეხუთე

1. ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.

2. აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუყენეს დაგონს.

3. ადგნენ მეორე დღეს დილით აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ მიწაზე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას.

4. ადგნენ მეორე დღეს დილით, და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ; დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი, მოწყვეტილნი, ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს.

5. ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძრად მიმსვლელნი დაგონის ტაძრის ზღურბლის გადალახვას.

6. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდს და მის სანახებს.

7. ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.

8. შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.

9. მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.

10. გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი!

11. შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.

12. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი.