ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეთხუთმეტე

1. აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.

2. მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად.

3. შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.

4. შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები.

5. კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი კაცი.

6. მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი კაცი.

7. გერშომიანთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები - ასოცდაათი კაცი.

8. ელიცაფანიანთაგან: სარდალი შემაყია და მისი მოძმენი - ორასნი.

9. ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ.

10. ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი.

11. მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს

12. და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.

13. რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას.

14. განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი.

15. ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს.

16. დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.

17. ლევიანებმა დააყენეს: ჰიმან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი მოძმეების, მერარის ძეთაგან ეთან კუშიაჰუს ძე.

18. მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი.

19. მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.

20. ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენიაჰუ ქნარს ქალწულურ ჰანგზე.

21. მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა სიმიანს, სალოტბაროდ.

22. ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.

23. ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.

24. მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.

25. და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან.

26. ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს.

27. დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.

28. მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.

29. როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში.