ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეერთე

1. სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.

2. უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბერშაბედან დანამდე და მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.

3. მიუგო იოაბმა: დაე, რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველანი ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მორჩილნი არ არიან? მაშ, ამას რაღად თხოულობს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?

4. მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.

5. მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.

6. ლევიანები და ბენიამინიანები მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა.

7. ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი.

8. უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.

9. დაელაპარაკა უფალი დავითის მისანს და უთხრა:

10. წადი და დავითს უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო.

11. მივიდა გადი დავითთან და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,

12. სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის ლტოლვილობა შენი მტრისგან და მათ მიერ შენი დევნა, და უფლის ანგელოზი, შემმუსრველი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.

13. უთხრა დავითმა გადს: დამწუხრებული ვარ დიდად. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.

14. მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში.

15. იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.

16. გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ.

17. უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად.

18. უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.

19. წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.

20. გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა.

21. მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს.

22. უთხრა დავითმა ორნანს: მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.

23. უთხრა ორნანმა დავითს: აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენ მსხვერპლად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი - საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.

24. უთხრა მეფე დავითმა ორნანს: არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.

25. ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს.

26. იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.

27. უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო.

28. იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა პასუხი გასცა მას ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი.

29. უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და აღსავლენის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა.

30. არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილით იყო დაშინებული.