ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეხუთე

1. რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.

2. იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).

3. რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი.

4. იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმაყი,

5. მისი ძე მიქა, მისი ძე სერაია, მისი ძე ბაცალი,

6. მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილნესერმა. ის იყო რეუბენიანთა წინამძღოლი.

7. მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი: იეყიელი, ზექარია,

8. ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.

9. აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში.

10. საულის დროს აგარიანებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ. დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.

11. გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ, ბაშანის ქვეყანაში, სალქამდე.

12. უფროსი იოელი, მომდევნო შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.

13. მათი მოძმენი, თავ-თავიანთი მამისსახლებიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებედი და შიბყა.

14. აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძის, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა.

15. ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა - მათი მამისსახლის თავკაცი.

16. ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ.

17. ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის დროს და იარბეყამ ისრაელის მეფის დროს.

18. რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად.

19. აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი.

20. მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.

21. წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათიათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და ასი ათასი სული ტყვე.

22. მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.

23. მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.

24. აჰა, მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.

25. მათ ზურგი აქციეს მამა-პაპის ღმერთს და გზააბნეულნი გაჰევნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა.

26. ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.