ძველი აღთქმა

მეორე ეზრა

თავი მეცხრე

1. წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იოხანან ელიაშიბის ძის შრამელისკენ.

2. იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.

3. უხმობდა ქადაგი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყველას, ტყვეობიდან - გამოსულს, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში.

4. რომელნიც არ მოვიდოდნენ ორი ან სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების მსჯავრით წაერთმეოდათ ქონება და თავად გაძევებულ იქნებოდნენ ტყვეყოფილთა კრებულისგან.

5. შეიკრიბნენ იერუსალიმში ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში (ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს).

6. იჯდა მთელი ერი ტაძრის ეზოში და ცახცახებდა დამდგარი ზამთრის გამო.

7. წამოდგა ეზრა და მიმართა მათ: თქვენ დაარღვიეთ რჯული და შეეუღლეთ უცხოელ დედაკაცებს, მიუსართეთ რა ცოდვა ისრაელს.

8. ახლა უთხარით აღსარება და დიდება უფალს, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს;

9. აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო თესლთა ცოლებს.

10. ხმა აღმოხდა მთელს ერს და შეჰღაღადა დიდი ხმით: როგორც შენ სთქვი, ისე აღვასრულებთ.

11. მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთრის ჟამია, არ ძალგვიძს დგომა ცის ქვეშ. ვფიქრობთ, ერთი დღის და ორი დღის საქმე არ არის ეს, რადგან ბევრზე ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ამ საქმეში.

12. დადგენილ იქნან ერის წინამძღოლნი; და ყველა ვინც ჩვენთან მკვიდრობს, და რომელთაც უცხოტომის ცოლი ჰყავს, გამოცხადდეს, როცა დრო ჰპოვოს,

13. თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება ჩვენზე უფლის რისხვა ამ საქმეების გამო.

14. იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, თავს იდვეს ყოველივე, ხოლო მეშულამი და შაბთაი - ლევიანები განიკითხავდნენ მათთან ერთად.

15. შეასრულეს ყოველივე ამის მიხედვით ტყვეობიდან გამოსულებმა.

16. გამოირჩია თავისთვის ეზრა მღვდელმა მამისსახლთა წინამძღვარნი, ყველანი სახელდებით, და დასხდნენ ერთად მეათე თვის ახალ მთვარვზე, საქმის გამოსაძიებლად.

17. დასრულდა იმ კაცთა საქმის გამოძიება, რომლებსაც ჰყავდათ ცოლებად უცხოტომისანნი, პირველი თვის ახალმთვარობისთვის, და

18. აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხოთესლის ცოლები ჰყავდათ:

19. იესოს ძეთაგან, ძისა იოცადაკისა და მის ძმათაგან - მაყასეიას, ელყაზარს, იარიბს და გედალიას.

20. დასდვეს ხელნი, რომ განეშორებოდნენ თადიანთ ცოლებს, და მოიყვანეს ვაცები თავიანთი შეცოდების საპატიებლად.

21. იმერის ძეთაგან ხანანი, ზებადია, მაყასეია, შემაყია, იენიელი და ყაზარია.

22. ფაშხურის ძეთაგან ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნეთანიელი, იოზაბადი და ელყასა;

23. ლევიანთაგან იოზაბადი, შიმყი, კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და იოხანანი.

24. მგალობელთაგან ელიაშიბი და ბაკქური;

25. მეკარეთაგან შალუმი და ტელემი.

26. ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყაზარი, ხაშაბია და ბენაია;

27. ყელამის ძეთაგან მათანიასი, ზაქარია, ყაზრიელი, აბდია, იერემოთი და ელია;

28. ზამოთის ძეთაგან ელიადაყი, ელიაშიბი, მათონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია;

29. ბებაის ძეთაგან იოხანანი, ხანანია, ზაბდი და ყათლაი;

30. მანის ძეთაგან ყოლამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერამოთი;

31. ყიდოს ძეთაგან ნაათოსი და მაყასეია, ლაკკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასფასმისი, სესთელი, ბინუი და მენაშე;

32. ნანანის ძეთაგან ელიოყენაი, ყასაია, მალქია, შესიმეონ ქოსამელი;

33. ხაშუმის ძეთაგან მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელაცი, მენაშე და შიმყი;

34. ბანის ძეთაგან იერემია, მაყადაი, მაერი, იოელი, მამდაი, ფედია, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანაი, ელიაშიბი, ბანუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან შეშაი, ყაზარიელი, ყაზრაელი, სამატოსი, ზაბდი, იოსები;

35. ნაყმანის ძეთაგან მაზითა, ზაბადი, იდო, იოელი, ბენაია.

36. ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხოთესლის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებთან ერთად.

37. დაემკვიდრნენ მღვდლები, ლევიანები და ისრავლისაგანნი იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, როცა ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრებში იმყოფებოდნენ.

38. შეიკრიბა მთელი ერი ერთსულოვნად ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, გაშლილ ადგილას,

39. და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, მოცემული ისრაელის უფლის მიერ.

40. გამოუტანა ეზრა მღვდელმთავრმა რჯული მთელს ერს - კაციდან ქალამდე და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ რჯული მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე.

41. კითხულობდა ტაძრის კარიბჭესთან გაშლილ ადგილას ცისკრიდან შუადღემდე კაცთა და ქალთა წინაშე, და მთელს ერს გონება ჰქონდა მიპყრობილი რჯულისათვის.

42. აღიმართა ეზრა, მღვდელი და რჯულის მკითხველი, გამზადებულ ხის კვარცხლბეკზე.

43. მხარმარჯვნივ ედგნენ მათათა, შამუაყი, ხანანი, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბაალსამოსი,

44. ხოლო ხელმარცხნივ ფედაია, მიქაელი, მალქია, ლოთასუბი, ნაბარია და ზაქარია.

45. აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ერის წინაშე და დაჯდა დიდებით ყველას წინაშე.

46. და ვიდრე იგი რჯულს განმარტავდა, ყველა წელგამართული იდგა, და აკურთხა ეზრამ უფალი, მაღალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი, ყოვლისმპყრობელი.

47. და შეჰღაღადა მთელმა ერმა: ამენ! აღაპყრო ხელები, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს.

48. იესო, ანიუთი, შარაბია, იადინა, ყაკუბი, შაბათაი, ჰოდია, მაყასეია და კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანია და ფალია - ლევიანები ასწავლიდნენ საღვთო რჯულს და ერის წინაშე კითხულობდნენ უფლის კანონს და უხსნიდნენ კითხვასთან ერთად.

49. უთხრა განმგებელმა ეზრას, მღვდელმთავარს და მკითხველს, და ლევიანებს, რომლებიც მოძღვრავდნენ ერს, ყველას:

50. ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს.

51. ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ,

52. რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ.

53. ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ.

54. წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად,

55. რადგან განმსჭვალულნი იყვნენ იმ სიტყვებით, რომლებითაც განისწავლნენ. და შეერთდნენ.