ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეთხუთმეტე

1. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.

2. ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.

3. ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?

4. ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.

5. თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა.

6. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.

7. ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.

8. რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.

9. უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს.

10. გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!

11. ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.

12. გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.

13. მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.

14. უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.

15. უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი.

16. გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.

17. გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში.

18. მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.

19. უთხრა მეფემ ითაი გეთელს: შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი.

20. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა. მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენიანები. მადლი და ერთგულება იყოს შენთან!

21. მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მორჩილიც იქ იქნება.

22. უთხრა დავითმა ითაის: კეთილი, წამოდი. წაჰყვა ითაი გეთელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო.

23. ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.

24. იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.

25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.

26. თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.

27. უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან.

28. იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან.

29. გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.

30. ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ.

31. შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.

32. მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.

33. ჰკითხა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.

34. მაგრამ თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მორჩილი ვარ, მეფეო. წინათ თუ მამაშენის მორჩილი ვიყავი, ამიერიდან შენი მორჩილი ვიქნები-თქო, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს.

35. განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი, მღვდლები? რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს, შეატყობინებ.

36. იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. მათი მეშვეობით მომაწვდენი ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.

37. მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.