ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

1. შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!

2. შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო.

3. გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.

4. ჩუმად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი.

5. დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!

6. მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მორჩილნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები.

7. შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.

8. ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.

9. ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელს ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.

10. ასე განსჯიდა ხალხი ისრაელის ყველა შტოში: მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს.

11. ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?

12. ხოლო მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში?

13. ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?

14. ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.

15. ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: დაბრუნდი შენს მორჩილებთან ერთად.

16. დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, როშ მიჰგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე.

17. შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად.

18. თან ახლდა ათასი კაცი ბენიამინიანი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მორჩილითურთ, და გადალახეს იორდანე მეფის თვალწინ.

19. გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე.

20. უთხრა მეფეს: ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ, რომ დააშავა შენმა მორჩილმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში ნუ ჩაიდებს ამას მეფე.

21. რადგან იცის შენმა მორჩილმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.

22. მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?

23. თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?

24. უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.

25. ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.

26. როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?

27. მიუგო: მეფევ ბატონო! ჩემმა მორჩილმა მომატყუა. ეუბნებოდა შენი მორჩილი, სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი; რადგან კოჭლია შენი მორჩილი.

28. ცილი დამწამა შენს მორჩილს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!

29. განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მორჩილი. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?

30. უთხრა მეფემ: რაღასთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი ყანები.

31. უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.

32. ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა.

33. ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.

34. უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.

35. უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?

36. ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?

37. კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?

38. უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს.

39. უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.

40. გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

41. გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარიც აცილებდა მეფეს.

42. აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?

43. მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?

44. მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დაგვჩაგრე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად? ისრაელზე უფრო მაგრად ლაპარაკობდა იუდა.