ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი ოცდამესამე

1. ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:

2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

3. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.

4. იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი.

5. განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?

6. უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება.

7. ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.

8. აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.

9. მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა.

10. შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.

11. მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,

12. ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.

13. ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.

14. მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.

15. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?

16. გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.

17. თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.

18. აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას ჰქონდა მეტი სახელი ამ სამში.

19. ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ ეცილებოდა.

20. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.

21. მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.

22. ეს გააკეთა ბანაიჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის.

23. ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ პირველ სამს ვერ ეტოლებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.

24. ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,

25. შამა ხაროდიელი, ელიკა ხაროდიელი,

26. ხელეც ფალეტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყეღი,

27. აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათიელი,

28. ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი,

29. ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან;

30. ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან,

31. აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი;

32. ელიახბა შაყალბონელი, ბენე-იაშენი, იონათანი,

33. შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი,

34. ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი,

35. ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი,

36. იგად ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი,

37. ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბიბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,

38. ყირა ითრელი, გარებ ითრელი,

39. ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.