ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეერთე

1. განისვენა იოშაფატმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე, იორამი გამეფდა.

2. ჰყავდა ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იესელი, ზექარიაჰუ, ყაზარიაჰუ, მიქაელი, შეფატიაჰუ, ესენი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი.

3. მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი მისცა მათ - ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას ციხე-ქალაქებთან ერთად. სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო.

4. დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა, და როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.

5. ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.

6. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

7. მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

8. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.

9. გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ და ეტლის მეთაურებს.

10. განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.

11. მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებში. მან გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.

12. წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას,

13. არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი აქაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები - მამაშენის სახლი ამოწყვიტე,

14. აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელს შენს საბადებელს.

15. შენ კი მძიმე სენს შეგყრის ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.

16. აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.

17. გაილაშქრეს იუდაზე, შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, იოახაზის ძეთა შორის უმრწემესის გარდა.

18. ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.

19. ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოუვიდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი. როგორც მის მამა-პაპას დაუნთო.

20. ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა. და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში.