ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეცხრე

1. იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო, აბია, ზაქარიას ასული.

2. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა.

3. მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი.

4. მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი.

5. უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.

6. შესცოდა ჩვენმა მამა-პაპამ, ბოროტად მოიქცა უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვა იგი, პირი მოარიდა უფლის სავანეს და ზურგი შეაქცია.

7. დაგმანა კარიბჭის კარებები და ჩააქრო სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმია და აღარც აღსავლენი აღუვლინა საწმიდარში ისრაელის ღმერთს.

8. უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს, გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.

9. აჰა, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა. ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები ტყვეობაში არიან ამის გამო.

10. ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა.

11. ჩემო შვილებო! ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით.

12. ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე - კეჰათიანთაგან. მერარიანთაგან: კიში, ძე ყაბდისა და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა. გერშუნიანთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე.

13. ელიცაფანიანთაგან: შიმრი და იეყიელი. ასაფიანთაგან: ზაქარია და მათანია.

14. ჰემანიანთაგან: იეხიელი და შიმყი. იედუთუნიანთაგან: შემაყია და ყუზიელი.

15. შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.

16. შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად.

17. პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმედა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღე წმედდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს.

18. შევიდნენ შიდაში მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: გავასუფავეთ უფლის მთელი სახლი, აღსავლენის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭლეული, საწირი პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭლეული.

19. ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში უპატიოჰყო თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით. და, აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ისინი.

20. დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, შეყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა.

21. შვიდი კურატი, შვიდი ცხვარი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის. აარონიანებს, მღვდლებს, უბრძანა აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე.

22. დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.

23. მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ.

24. დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.

25. დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.

26. ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.

27. ბრძანება გასცა იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ აღსავლენი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო აღსავლენის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავით ისრაელის მეფის საკრავების თანხლებით.

28. მთელი კრებული თაყვანს სცემდა, მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა აღსავლენის დამთავრებამდე.

29. აღსავლენს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველამ, მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.

30. მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.

31. მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი.

32. იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად.

33. სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.

34. ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა აღსავლენის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ გაინათლნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინობდნენ გასანათლავად, ვიდრე მღვდლები.

35. თანაც აღსავლენი უამრავი იყო სამადლობელი მსხვერპლის ლურთებითა და აღსავლენის საღვრელებითურთ. ასე განახლდა უფლის სახლის სამსახური.

36. გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი.