ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეცამეტე

1. თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.

2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.

3. აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალებს, გააკეთა აშერები, თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და მსახურებდა მათ.

4. ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.

5. აუგო სამსხვერპლოები ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორთავე ეზოში.

6. ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად.

7. დაამკვიდრა კერპი, ქანდაკი, რომელიც გააკეთა, ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს, სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს.

8. აღარ მოვაცვლევინებო ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამა-პაპას დავუდგინე, ოღონდ შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს ხელით რომ მიეცათო.

9. მაგრამ აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.

10. ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს.

11. მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.

12. შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.

13. ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი.

14. ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.

15. მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა სამსხვერპლო, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა.

16. განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამადლობელი და სადიდებელი მსხვერპლი. უბრძანა იუდას, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.

17. მაგრამ ხალხი მაინც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს.

18. მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით ლაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

19. რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.

20. განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.

21. ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.

22. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა. მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ.

23. არ მომდრკალა უფლის წინაშე, როგორც მამამისი მენაშე მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული.

24. შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი და თავის სახლში მოკლეს.

25. ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა.