ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი მეოცე

1. როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.

2. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,

3. უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.

4. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.

5. რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.

6. ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.

7. ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს.

8. კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.

9. როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს. სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.

10. ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.

11. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება

12. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი.

13. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს.

14. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.

15. ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.

16. ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.

17. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.

18. რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.

19. თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?

20. მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ საჭმელად არაფერს ისხამენ, შეგიძლია გაანადგურო, მოჭრა და სიმაგრე ააშენო ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ აიღებდე.