ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი ოცდამესამე

1. ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში.

2. ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.

3. ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.

4. ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.

5. არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.

6. ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.

7. ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.

8. შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში.

9. როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.

10. თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.

11. საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.

12. ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა.

13. ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი.

14. რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ არ დაინახოს შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.

15. არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს.

16. იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება. არ დაჩაგრო იგი.

17. არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის.

18. არანაირი აღთქმისათვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.

19. არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.

20. უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

21. თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.

22. თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება.

23. შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.

24. როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო.

25. როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.