ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი ოცდამეხუთე

1. თუ დავა ექნათ ერთმანეთში, სასამართლოს წარუდგნენ და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და დამნაშავეს დასჯიან.

2. თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს.

3. ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.

4. ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.

5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.

6. პირმშო, რომელსაც დაბადებს ქალი, მკვდარი ძმის სახელზე, აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში.

7. თუ კაცი არ ისურვებს თავისი რძლის ცოლად მოყვანას, წარუდგება მისი რძალი კარიბჭესთან უხუცესებს და ეტყვის: არ უნდა ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ მეუღლება ჩემი მაზლიო.

8. დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. თუ კაცი ადგება და იტყვის: არ მინდა მისი მოყვანაო,

9. თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.

10. და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.

11. თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,

12. ხელის მტევანი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.

13. ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.

14. ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.

15. საწონი სრული და სწორი უნდა გქონდეს; საწყაო სრული და სწორი უნდა გქონდეს, რომ დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.

16. რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას აკეთებს, ყველა, ვინც უკანონობას სჩადის.

17. გაისსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;

18. გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.

19. როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.