ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,

2. მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე,

3. ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე.

4. უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.

5. მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ.

6. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.

7. ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.

8. იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები.

9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

10. აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,

11. ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის,

12. იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.