ძველი აღთქმა

მესამე ეზრა

თავი მეექვსე

1. მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე ერთიანად იქროლებდნენ ქარები,

2. ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი,

3. ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი,

4. ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები,

5. ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი,

6. მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ.

7. ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?

8. მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი.

9. ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი.

10. რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა.

11. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში,

12. გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე.

13. მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა,

14. და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ.

15. ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება.

16. რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო.

17. როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური.

18. თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი,

19. როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე.

20. როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას.

21. ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან.

22. დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან.

23. ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა შეძრწუნდება.

24. ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი.

25. ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს.

26. იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება.

27. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე.

28. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი.

29. როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რომ თანდათან რყევა დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი.

30. მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი.

31. ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე.

32. შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა.

33. ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია,

34. ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი.

35. ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა.

36. მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე.

37. რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი.

38. ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ,

39. იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით,

40. მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად.

41. მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო.

42. მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება.

43. გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა.

44. უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე.

45. მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა.

46. უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.

47. მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე.

48. და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის.

49. მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი.

50. გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას.

51. მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა.

52. ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ.

53. მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი.

54. ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე.

55. ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი.

56. ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე.

57. ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას.

58. ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში.

59. და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?