ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეცამეტე

1. აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.

2. დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს.

3. ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.

4. როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარით! და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.

5. დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით.

6. ხმა ამოიღო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა.

7. უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ.

8. მიუგო ღვთისკაცმა მეფეს: ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას.

9. რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი.

10. სხვა გზით წავიდა იგი, იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს.

11. ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში; მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას.

12. შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდა? დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა.

13. უთხრა შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა.

14. და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული? მიუგო: მე ვარ.

15. უთხრა: სახლში წამომყევი და ჭამე პური.

16. მიუგო: ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ. ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას.

17. რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს დალევ იქ, ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედი.

18. უთხრა: მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც დალიოსო. იცრუა მან.

19. დაბრუნდა მასთან ერთად; პური ჭამა მის სახლში და წყალიც დალია.

20. სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა კაცი.

21. და მან შეუძახა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა შენთვის ნაბრძანები,

22. დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი ამ ადგილს, რომელზეც გიბრძანა, ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამაპაპის საფლავში.

23. პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა.

24. წავიდა და შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, ლომიც იდგა გვამთან.

25. დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი; მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.

26. გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა. უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.

27. ასე უთხრა თავის შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს.

28. წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუგლეჯია.

29. აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, აჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. მოვიდა თავის ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხავად.

30. ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო!

31. დამარხა და უთხრა თავის შვილებს: როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია; მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები.

32. რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.

33. ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.

34. ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისგან.