ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეთექვსმეტე

1. გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:

2. მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოამის გზას მიჰყვები, აცთუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით,

3. აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს; იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოამ ნაბატის ძის სახლს დავმართე.

4. ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.

5. ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობები, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

6. განისვენა ბაყაშამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად მისი ძე, ელა, გამეფდა.

7. წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა იგი, რომ აჯავრებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი.

8. იუდას მეფის ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა და ბაყაშას ძე ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი.

9. მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,

10. როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.

11. როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელს სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მშარდავი, არც ნათესავი და არც მეგობარი.

12. მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,

13. ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.

14. ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

15. იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს.

16. შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი.

17. დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას.

18. როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.

19. იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტად რომ იქცეოდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოამის გზას და ცოდვებს, იერობოამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად.

20. ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

21. მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს.

22. აჯობა ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიმნი და გამეფდა ყომრი.

23. იუდას მეფის, ასას, ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი იმეფა ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი.

24. მან იყიდა სამარიის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა; და მთის პატრონის, შემერის სახელზე თავის გაშენებულ ქალაქს სამარია (შომრონ) უწოდა.

25. ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მასზე ადრე იყო.

26. მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობოამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი.

27. ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

28. განისვენა ყომრიმ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, აქაბი, გამეფდა.

29. ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი.

30. ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო.

31. არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.

32. აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.

33. გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.

34. მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავს პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.