ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეთვრამეტე

1. გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.

2. წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა აქაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში.

3. დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია.

4. როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ.

5. უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა.

6. დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა მარტო, აბდია მეორე გზით წავიდა მარტო.

7. გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?

8. მიუგო: მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.

9. თქვა აბდიამ: რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენ მორჩილს?

10. უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს.

11. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია.

12. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.

13. განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა; რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წელით ვინახავდი.

14. ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა!

15. თქვა ელიამ: ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.

16. წავიდა აბდია აქაბის შესახვედრად და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად.

17. როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?

18. თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.

19. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.

20. დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე.

21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.

22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია.

23. მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ.

24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!

25. უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.

26. გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.

27. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს.

28. დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.

29. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი.

30. უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება.

31. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი.

32. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი.

33. დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო.

34. თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ.

35. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი.

36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი.

37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.

38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.

39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!

40. უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.

41. უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.

42. წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა.

43. უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე.

44. მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.

45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.