ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

1. უამბო აქაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი.

2. მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.

3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.

4. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ.

5. მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე.

6. გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა.

7. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.

8. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.

9. შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია?

10. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.

11. უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.

12. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი.

13. როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?

14. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწეეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.

15. უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.

16. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.

17. ვინც ხაზაელის მახვილს გადურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადურჩება, ელისე მოკლავს.

18. დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.

19. წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.

20. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?

21. გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.