ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეჩვიდმეტე

1. იუდას მეფის, ახაზიას მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი.

2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.

3. მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და შეიქნა ჰოშეაყი მისი მორჩილი და უხდიდა ხარკს.

4. მიუხვდა აშურის მეფე ჰოშეაყს ღალატს, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი სოს, ეგვიპტის მეფეს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.

5. მოადგა აშურის მეფე მთელს ქვეყანას, მოადგა საპარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.

6. ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა.

7. და როცა შესცოდეს ისრაელიანებმა უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის ხელიდან, თაყვანი დაუწყეს უცხო ღმერთებს,

8. აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,

9. იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელიანებმა უფალზე, თავიანთ ღმერთზე, გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე,

10. დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ,

11. საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი,

12. ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: ნუ იზამთო ამ საქმეს,

13. აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.

14. არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი.

15. შეიძულეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.

16. დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ.

17. ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად.

18. მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.

19. არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ.

20. შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან.

21. როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა.

22. დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ,

23. ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე.

24. წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.

25. არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.

26. უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.

27. ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.

28. წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.

29. თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.

30. ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა,

31. ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი, ხოლო სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისა და ყანამელექისთვის, სეფარვიმელი ღმერთებისთვის.

32. ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.

33. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.

34. დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,

35. დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.

36. მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.

37. მუდამდღე იცავდეთ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.

38. ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.

39. მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.

40. მაგრამ არ ესმოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ.

41. ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები.