ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეშვიდე

1. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.

2. მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.

3. ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდა ერთმანეთს: რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს?

4. თუ ქალაქში წასვლას დავაპირებთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით. თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ. თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.

5. ადგნენ ბინდბუნდში, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.

6. უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.

7. ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუგოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.

8. მიადგნენ ეს კეთროვანები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს, სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ, სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.

9. უთხრეს ერთმანეთს: ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე ხარების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამო, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.

10. მივიდნენ, გამოიძახეს კარიბჭის მცველი და უამბეს: არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და სახედრები დაგვხვდა დაბმული და კარვები ხელუხლებლად.

11. დაუძახა მცველებს და მათაც მიიტანეს ამბავი მეფის სახლში.

12. ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მორჩილთ: გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ; ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრან და ქალაქში შემოიჭრან.

13. მიუგო ერთმა მორჩილთაგანმა და თქვა: გამოიყვანონ ხუთი ცხენი ქალაქში დარჩენილთაგან (აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია), გავგზავნით და ვნახოთ.

14. გაიყვანეს ცხენიანი ორი ეტლი; გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: წადით და ნახეთ.

15. იორდანემდე მიჰყვნენ მათ და, რას ხედავენ, მთელი გზა მოფენილია სამოსელითა და იარაღით, არამელებს რომ დაეყარათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.

16. გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა განმტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.

17. კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე.

18. ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან.

19. მაშინ მიუგო კარისკაცმა ღვთისკაცს და უთხრა: აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? ღვთისკაცმა თქვა: შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.

20. ასეც აუხდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.