ძველი აღთქმა

ამოს წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

1. ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.

2. ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;

3. ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;

4. ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა სასიკეთოდ.

5. უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით.

6. ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი.

7. განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?

8. აჰა, უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი.

9. რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.

10. მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.

11. მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.

12. რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.

13. აჰა, დადგება დრო, ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან.

14. დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.

15. დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი.