ძველი აღთქმა

ბარუქ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

1. დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე.

2. არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით;

3. რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა.

4. მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა.

5. აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა.

6. უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს.

7. ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ.

8. არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან.

9. ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ.

10. არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე.

11. და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს;

12. შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო.

13. აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ.

14. შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს;

15. რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას.

16. უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე,

17. გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს,

18. არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო.

19. არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო,

20. რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ

21. ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას;

22. ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს,

23. შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება.

24. მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან.

25. და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი.

26. დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო,

27. და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით,

28. როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ

29. თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ.

30. ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე.

31. და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად.

32. განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს.

33. და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე,

34. და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან;

35. დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.