ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამეცხრე

1. დაიძრა იაკობი და წავიდა კედემის ძეთა ქვეყნისაკენ.

2. ხედავს, ჭა არის ველზე და ცხვრის სამი ფარა წევს მის მახლობლად, რადგან ამ ჭიდან არწყულებდნენ ფარებს. დიდი ლოდი ახურავს ჭის პირს.

3. იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი, გადააგორებდნენ ლოდს ჭის პირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭის პირს ამ ლოდით.

4. უთხრა მათ იაკობმა: სადაურები ხართ, ძმებო? მიუგეს: ხარანელები ვართ.

5. უთხრა: თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს? მიუგეს: ვიცნობთ.

6. უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.

7. უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა; დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ.

8. უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.

9. ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.

10. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.

11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.

12. გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.

13. რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს.

14. უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.

15. უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?

16. ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს - რახელი.

17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

19. უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან.

20. მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.

21. უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.

22. შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.

23. საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან.

24. მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.

25. დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე?

26. უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.

27. ბარემ გაასრულე შვიდეული და მერე უმცროსსაც მოგცემთ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.

28. ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული, ცოლად.

29. მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს, რახელს.

30. შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.

31. დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.

32. დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.

33. კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.

34. კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.

35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.