ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეცამეტე

1. იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი.

2. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში.

3. მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს.

4. იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო.

5. ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს.

6. ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი.

7. შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში.

8. ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ.

9. შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი.

10. ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს.

11. რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ.

12. ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი.

13. ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ.

14. უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას.

15. როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო.

16. იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ.

17. უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო.

18. ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ; უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ.

19. როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან მიირბინა.

20. უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან.

21. თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები.

22. ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ: რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ დავუსხლტები თქვენს ხელს.

23. მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო.

24. დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის წინააღმდეგ.

25. ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო.

26. როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას.

27. და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა.

28. მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი; მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის.

29. თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს.

30. მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები, და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა.

31. სუსანა მეტად ნაზი და ლამაზი იყო სახით.

32. ამ ურჯულოებმა ბრძანეს, რომ სახე გაეშიშვლებინათ მისთვის, რადგან დაფარული ჰქონდა სახე - სურდათ, მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ.

33. ატირდნენ ახლობლები და ყველა, ვინც მას უყურებდა.

34. ადგა ორივე უხუცესი ხალხში და თავზე დაადეს მას ხელები.

35. ის კი თვალცრემლიანი ზეცას შეჰყურებდა, რადგან მისი გული უფალს ესავდა.

36. თქვეს უხუცესებმა: როდესაც მარტონი ბაღში დავსეირნობდით, შემოვიდა ეს თავის ორ მხევალთან ერთად, ჩარაზა ბაღის კარი და მხევლები დაითხოვა.

37. მივიდა მასთან ყმაწვილკაცი, რომელიც იქ იმალებოდა და მიუწვა გვერდით.

38. ჩვენ ბაღის კუნჭულში ვიყავით და ეს ურჯულოება რომ დავინახეთ, მათკენ გავიქეცით.

39. შეერთებულებს წავასწარით მათ, მაგრამ იმ კაცის დაჭერა ვერ შევძელით, რადგან ის ჩვენზე ძლიერი იყო; გააღო კარი და გარეთ გავარდა.

40. ეს კი შევიპყარით და ვკითხეთ, თუ ვინ იყო ის ყმაწვილკაცი.

41. მაგრამ არ ინდომა ჩვენთვის გამხელა. ამას ვადასტურებთ ჩვენ. კრებულმა დაუჯერა მათ, როგორც ხალხის უხუცესებსა და მსაჯულებს; და ქალს სიკვდილი მიუსაჯეს.

42. შეჰღაღადა სუსანამ მაღალ ხმაზე და თქვა: ღმერთო მარადიულო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც ყველაფერი მანამდე იცი, ვიდრე მოხდებოდეს.

43. შენ უწყი, რომ ცრუდ მოწმობდნენ ჩემს წინააღმდეგ. აჰა, ისე ვკვდები, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რაც ამათ ბოროტებით გამომიგონეს.

44. შეისმინა უფალმა მისი ხმა.

45. როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს, ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა.

46. და იყვირა მან დიდი ხმით: უბრალო ვარ მისი სისხლისგან!

47. მობრუნდა მისკენ მთელი ხალხი და უთხრა: ეს რა სიტყვაა, რომ თქვი?

48. მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: უგუნურები ხართ, ისრაელიანებო? არ გამოგიძიებიათ, არ გაგირკვევიათ სიმართლე და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი?

49. დაბრუნდით სამსჯავროში, რადგან ამათ ცრუდ დაამოწმეს მის წინააღმდეგ.

50. მთელი ხალხი საჩქაროდ დაბრუნდა: უთხრეს მას უხუცესებმა: დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე ჩვენ, რადგან ღმერთმა შენ მოგცა უხუცესობა.

51. უთხრა მათ დანიელმა: დააცილეთ ეგ ორნი ერთმანეთს და დავკითხავ მაგათ.

52. როცა ერთიმეორეს დააცილეს ისინი, მოუხმო ერთ მათგანს და უთხრა: ბოროტ დღეებში დაბერებულო! ახლა გამომჟღავნდა შენი ცოდვები, რომელსაც უწინ სჩადიოდი -

53. ამ უსამართლო სამართლის გაჩენით, უბრალოთა დასჯით და მტყუანთა გამართლებით! როცა უფალი ამბობს, უბრალოსა და მართალს ნუ მოკლავო.

54. და თუ შენ ეს დაინახე, თქვი, რომელი ხის ძირას ნახე ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკე? მან უპასუხა: დანამასტაკის ქვეშ.

55. თქვა დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ. აჰა, ღვთის ანგელოზმა მიიღო ღვთის ბრძანება და ორად გაგაპობს შენ.

56. გაუშვა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას: ქანაანის თესლო, არა იუდასო! სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა გარყვნა შენი გული.

57. ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან. მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი ურჯულოება.

58. აბა, მითხარი ახლა: რომელი ხის ქვეშ წაასწარი მათ, ერთმანეთთან მოლაპარაკეს? მიუგო მან: მუხის ქვეშ.

59. უთხრა მას დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ; რადგან ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ ორად გაგაპოს და მოგსპოთ თქვენ.

60. მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ.

61. ყველანი აღდგენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ რადგან დანიელმა მათივე პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში. ისევე მოექცნენ მათ, როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ.

62. მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ დღეს გადარჩა უბრალო სისხლი.

63. ხილკიამ და მისმა ცოლმა განადიდეს ღმერთი თავიანთი ასულის, სუსანას გამო, იოაკიმთან, მის ქმართან და ყველა ახლობელთან ერთად, რადგან არ აღმოჩნდა მასში სამარცხვინო საქმე.

64. განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან და მას შემდეგ.