ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს, ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.

2. მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე.

3. უთხრა მათ მეფემ: სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.

4. ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! გვიამბე შენი სიზმარი შენს მორჩილთ და აგიხსნით მის აზრს.

5. მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: სიტყვა დამეკარგა; თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა.

6. თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.

7. მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას.

8. მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა.

9. რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.

10. მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არც-ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან.

11. საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ მას მეფეს ვერავინ შეუსრულებს, იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.

12. ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა; ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენის მოსასპობად.

13. როცა ბრძანება გამოვიდა, დაიწყეს ბრძენკაცთა ხოცვა-ჟლეტა; დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ.

14. ურჩია დანიელმა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული.

15. ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს და უთხრა: რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება? მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს.

16. წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშვნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის.

17. მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ტოლ-ამხანაგებს - ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი.

18. რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ.

19. დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი.

20. ამეტყველდა დანიელი და თქვა: კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა.

21. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.

22. ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს; იცის, რა იმალება ბნელში და ნათელი მასშია დავანებული.

23. ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ; შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.

24. ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, რომლისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული; მიეახლა მას და ასე უთხრა: ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს; მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს.

25. მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: აჰა, ვნახე კაცი ტყვედქმნილ იუდიანთა შორის, რომელსაც შეუძლია მეფეს აუხსნას სიზმარი.

26. მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი?

27. მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ.

28. მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებშთ. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:

29. მეფეო, შენს სარეცელზე მწოლარე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება.

30. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი.

31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო.

32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,

33. წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.

34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.

35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.

36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.

37. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.

38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.

39. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.

40. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.

43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.

44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.

45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.

46. მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა.

47. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.

48. მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა.

49. სთხოვა დანიელმა მეფეს და მანაც ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩაარრა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.