ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.

15. შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.

16. მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა.

17. ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.

18. შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.

19. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.

20. მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.

21. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,

22. სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.

23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.

24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.

25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.

26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

27. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.

28. აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.