ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამერვე

1. ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!

2. რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

3. თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.

4. რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.

5. მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.

6. შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.

7. ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო.

8. არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე.

9. ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო.

10. აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე.

11. ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.

12. მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.

13. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

14. შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს.

15. მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე.

16. მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.

17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.

18. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.

19. ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე.

20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!

21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.

22. არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.