ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამესამე

1. ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!

2. რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?

3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.

4. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.

5. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.

6. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.

7. მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით.

8. თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად.

9. ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

10. მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.

11. მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში,

12. წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად?

13. მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით?

14. ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად.

15. გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ.

16. შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან.

17. რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!

18. მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდათი.

19. ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი!