ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამეოთხე

1. ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები.

2. როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე.

3. უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს.

4. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?

5. ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.

6. არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.

7. ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.

8. მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!

9. შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!

10. ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.

11. ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?