ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

1. იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.

2. ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.

3. უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,

4. და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.

5. რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:

6. გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე.

7. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!

8. რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი.

9. ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ.

10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:

11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.

12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.

13. უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?

14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.

15. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.

16. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.

17. ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს.

18. იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.

19. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.

20. იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.

21. იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს.

22. რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი.

23. იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა.

24. მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული.

25. ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი.