ძველი აღთქმა

ესთერი

თავი მეოთხე

1. შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.

2. მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო.

3. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.

4. მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.

5. იხმო ესთერმა ჰათაქი, მეფის საჭურისთაგანი, რომელიც მისთვის ჰყავდა მიჩენილი მეფეს, და უბრძანა წასულიყო მარდოქაისთან, რომ გაეგო მისი ამბავი.

6. გავიდა ჰათაქი მარდოქაისთან ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ რომ არის.

7. მოახსენა მარდოქაიმ ყველაფერი, რაც შეემთხვა, და იმ ვერცხლის ამბავიც, რომელიც უნდა შეეტანა ჰამანს სამეფო ხაზინაში იუდაელთა გასაწყვეტად.

8. დაწერილი კანონის პირიც, შუშანში რომ გამოვიდა მათ გასაწყვეტად, მისცა ჰათაქს, რომ ეჩვენებინა ესთერისთვის და ეცნობებინა. დაავალა ესთერს, წასულიყო მეფესთან, რათა შევედრებოდა მას და პატიება გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.

9. მოვიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მარდოქაის ნათქვამი.

10. უთხრა ესთერმა ჰათაქს და დააბარა მარდოქაისთან:

11. მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.

12. მიუტანეს მარდოქაის ესთერის სიტყვები.

13. უთხრა პასუხად მარდოქაიმ ესთერს: ნუ ფიქრობ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები მეფის სახლში იუდაელთაგან.

14. რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა, შენი მამისსახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?

15. უთხრა პასუხად ესთერმა მარდოქაის:

16. წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.

17. წავიდა მარდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.