ძველი აღთქმა

ესთერი

თავი მეექვსე

1. იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.

2. აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მარდოქაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული.

3. თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება ხვდა ამისთვის მარდოქაის? მიუგეს მეფეს მისმა მორჩილებმა: არაფერი ხვდომია.

4. თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე.

5. უთხრეს მეფეს მისმა მორჩილებმა: აჰა, ჰამანი დგას ეზოში. თქვა მეფემ: შემოვიდეს.

6. შევიდა ჰამანი. უთხრა მას მეფემ: რა უნდა გავუკეთოთ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს? თქვა გულში ჰამანმა: ვისი პატივი უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?

7. უთხრა ჰამანმა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს,

8. მიართვან სამეფო შესამოსელი, რაც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.

9. მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის უპირველესი კარისკაცის ხელით, შემოსონ ის კაცი, ვისი პატივიც სურს მეფეს, მიიყვანონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!

10. უთხრა ჰამანს მეფემ: სასწრაფოდ აიღე შესამოსელი და ცხენი, როგორც თქვი, და მოექეცი ასე მარდოქაის, იუდაელს, სამეფო კარიბჭესთან რომ ზის. არაფერი დააკლო შენს სათქმელს.

11. აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მარდოქაი, გაიყვანა ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადა მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!

12. დაბრუნდა მარდოქაი სამეფო კარიბჭესთან. ჰამანი კი გაეშურა შინისკენ, დამწუხრებული და თავჩაქინდრელი.

13. უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე.

14. ამას ეუბნებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის გამართულ ნადიმზე.