ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთექვსმეტე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები

3. და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.

4. შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.

5. არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.

6. ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი!

7. მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.

8. ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.

9. წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.

10. მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.

11. სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.

12. ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.

15. ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.

14. გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.

15. დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი.

16. აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება.

17. აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან.

18. აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.

19. ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.

20. წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!

21. შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.

22. ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.

23. ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი,

24. რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.

25. ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.

26. შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი.

27. აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.

28. აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.

29. ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი.

30. როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!

31. როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,

32. არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა.

33. ყველა ბოზ ქალს საჩუქრებს აძლევენ, შენ კი თავად ასაჩუქრებ შენს საყვარლებს და იქრთამავ მათ შენთან-მოსასვლელად ყოველი მხრიდან საბოზაოდ.

34. შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი.

35. ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა,

36. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი,

37. აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს.

38. დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას.

39. მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ.

40. მოგისევენ ბრბოს, რომ ქვებით ჩაგქოლონ და თავიანთი მახვილებით აგკუწონ.

41. ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.

42. როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს?

43. რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.

44. აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.

45. დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.

46. შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.

47. მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.

48. ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!

49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.

50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.

51. სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.

52. შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.

53. მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,

54. რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.

55. შენი დები - სოდომი და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც წინანდელს დაუბრუნდებით.

56. განა შენს ყბაში არ იყო ჩავარდნილი შენი და - სოდომი შენი ამპარტავნობის დროს,

57. ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.

58. შენვე იტვირთე შენი სიგლახე და შენი სისაძაგლეები, ამბობს უფალი.

59. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა.

60. მაინც გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში რომ დაგიდევი, აღგიდგენ საუკუნო აღთქმას.

61. გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.

62. აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.

63. რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.