ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

1. მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!

2. შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა.

3. მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.

4. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.

5. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.

6. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.

7. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.

8. შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ.

9. და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.

10. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.