ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთერთმეტე

1. მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის სიმრავლეს: ვის ედრები-თქო შენი სიდიადით?

3. აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;

4. წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ.

5. ამიტომაც მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა მისი ტანი; გაეზარდა რტოები და დაუგრძელდა ტოტები უხვი წყლების წყალობით, რომელთაც ააღორძინეს.

6. ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში.

7. მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.

8. კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით.

9. უამრავი რტოებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ყოველ ხეს, რომელიც კი იყო ღვთის ბაღში.

10. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,

11. ჩავუგდებ ხალხთა მძლეველს ხელში და ის გაუსწორდება მას; მისი უკეთურების გაბო მოვიშორებ.

12. მოკვეთავენ მას უცხონი, უსასტიკესნი ხალხთა შორის. და დააგდებენ; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყრება მისი ტოტები, ჩაილეწება მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარეში; გამოვა მისი ჩრდილიდან ქვეენის ყოველი ხალხი და მიატოვებენ მას.

13. მის ნანგრევებზე დასახლდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს მინდვრის ყოველი მხეცი შეაფარებს თავს.

14. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.

15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.

16. მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.

17. ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის.

18. რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.