ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეერთე

1. მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.

2. შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.

3. შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა.

4. გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.

5. გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.

6. გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.

7. გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.

8. დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.

9. სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა, ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო.

10. მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.

11. გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.

12. შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.

13. გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.

14. ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.

15. გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.

16. ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),

17. შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო.

18. ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.

19. კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს ტაძარში, ირგვლივ.

20. იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე.

21. სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე შესახედაობა ჰქონდა.

22. ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს საკურთხეველია უფლის წინაშე.

23. ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.

24. ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.

25. გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.

26. ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.