ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეოთხე

1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.

2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.

3. მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.

4. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.

5. მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.

6. უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო,

7. როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს.

8. არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში.

9. ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი - გულდაუცვეთელი და ხორცდაუცვეთელი - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში. არც-ერთი უცხო თესლი, ისრაელიანთა შორისაც რომ ცხოვრობდეს.

10. მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს.

11. რადგან ისინი მსახურობდნენ ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ემსახურებოდნენ ტაძარს; ისინი ხოცავდნენ აღსავლენს და მსხვერპლს ერისათვის; ისინი იდგნენ მათ წინაშე მათ სამსახურად.

12. რაკი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და ცოდვაში ჩააგდეს ისრაელის სახლი, ამიტომაც აღვმართე მათზე ხელი, ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთი ცოდვის სასჯელს.

13. ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემს წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ.

14. მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.

15. ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემს წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.

16. ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური.

17. შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს.

18. სელის თავსაკვრელი უნდა ჰქონდეთ თავზე და სელის არდაგი თეძოებზე; გაოფლილნი არ უნდა ირტყამდნენ სარტყელს.

19. გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით.

20. თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი.

21. მღვდელთაგან არავინ ღვინო არ უნდა დალიოს შიდა ეზოში შესვლისას.

22. ქვრივი და გაშვებული ცოლად არ უნდა მოიყვანონ; მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის მოდგმიდან და ქვრივი, მღვდლის ნაცოლარი, მოიყვანონ.

23. უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინოს ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი.

24. დავის დროს უნდა დადგნენ ჩემი სამართლით განსასჯელად და განსაჯონ; დაიცვან ჩემი რჯული და ჩემი წესები ყველა დღესასწაულში და წმიდად შეინახონ ჩემი შაბათები.

25. მკვდარ კაცს არ უნდა მიეკარონ, რათა არ გაუწმიდურდნენ; მამისა, დედისა, ძისა, ასულისა, ძმისა და გაუთხოვარი დის გამო შეუძლიათ გაუწმიდურდნენ.

26. განწმედის შემდეგ კიდევ შვიდი დღე უნდა გადათვალონ.

27. იმ დღეს, როდესაც შიდა ეზოში შედიან საწმიდარში სამსახურად, მიიტანონ ცოდვის გამოსასყიდი, ამბობს უფალი ღმერთი.

28. ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.

29. ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.

30. ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.

31. არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი.