ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

1. ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: ახლოს მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი დამღუპველი იარაღით ხელში!

2. აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან.

3. ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე.

4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.

5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.

6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.

7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.

8. როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?

9. მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.

10. მეც ასე მოვიქცევი: არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე მოვაქცევ მათსავე საქმეებს.

11. აჰა, კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე, მოიტანა პასუხად სიტყვა: შევასრულე, როგორც მიბრძანე.