ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეთერთმეტე

1. უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან.

3. დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.

3. მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში.

4. თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.

5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

6. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება.

7. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

8. ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული.

9. უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად.

10. მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.