ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთვრამეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

2. ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.

3. ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.

4. როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.

5. იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

6. ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!

7. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,

8. მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.

9. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,

10. მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.

11. ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.

12. ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.

13. ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა.

14. თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება შორით მომდინარი ცივი წყლები?

15. მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით.

16. რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია.

17. აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს.

18. თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.

19. ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა.

20. განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.

21. ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.

23. კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.

23. შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!